"მთავარი არხისა" და "TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ სუფსაში სამუშაო პროცესისას რამდენიმე მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულების ცნობით, დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკაც.

ჟურნალისტ ლადო მენაბდეს განცხადებით, მას თავის არეში აქვს დაზიანება, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

"ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ მანქანით, აქ ცენტრში ვიდექი ზუსტად, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება "მთავარი არხის" მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც, რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა. ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ, ამ დროს 4 ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ ეტყობა მოვლენების განვითარებისთვის.  მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო", - განაცხადა  ლადო მენაბდემ.

"TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს კი თბილისში, დიდუბეში დაესხნენ თავს. ერთ-ერთი დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მეორეს კი ხელი აქვს ნაღრძობი. ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. 
 
ამ ეტაპზე, არცერთ ფაქტზე დაკავებული არავინ არის.