საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა.

"აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

გუშინ, 13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.