სასამართლომ სრულად გაიზიარა გოგა ხაინდრავას სარჩელი, დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკრძალვას, - ამის შესახებ "ფორმულას" იურისტმა ეთერ ქათამაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასამართლიანია.

"მოხდა ის, რასაც ველოდებოდით - სასამართლომ სრულად გაიზიარა გოგა ხაინდრავას სარჩელი, დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა ნამდვილად გასაკვირი, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, თუმცა მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ასე არ უნდა ისჯებოდეს, შესაბამისად, სრულად ამოვწურავთ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და დიდი ალბათობით, გავაგრძელებთ სტრასბურგში. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. 

დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში ჩაგვბარდება, თუმცა დღეს მოსამართლისგან ვერ მოვისმინეთ ვერცერთი განმარტება, რას ეყრდნობოდა გადაწყვეტილება.

ეს არის ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ პროკურატურამ ძიება გააგრძელოს და საქმე ასე არ დამთავრდეს, თუმცა რა გაგრძელება შეიძლება, რომ ამას სამართლებრივად მოჰყვეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში თავისუფალი ჟურნალისტების დევნას და საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკრძალვას ", - განაცხადა ეთერ ქათამაძემ.

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.