შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.