შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს და მის მეგობრებს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ ძმებთან: 1976 წელს დაბადებულ გ.ჯ.-სთან და 1973 წელს დაბადებულ მ.ჯ.ს-თან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, ჩხუბში მონაწილე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.