შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
 
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ.-ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
 
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.