შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: 64 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, 48 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“, ასევე, „კეტამინი“, „კოკაინი“, „კლეფედრონი“, „მარიხუანა“ და 2 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ოც წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.