პოლიციის მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა.

სიგუამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად 2 დღის წინ დაინიშნა, სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ უწყებას განცხადებით სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველმა, "შაბათის ეთერით" გაავრცელა. ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქმარმა მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით, "მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმით და დამარხვით" ემუქრებოდა.

ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.