საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა.

ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კრისტუპას სტანისი საქართველოში დედასთან ერთად 14 მაისს ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, რის გამოც ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. რა გახდა გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

დედის თქმით, ივნისის შუა რიცხვებში 23 წლის ახალგაზრდა ექიმებმა ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბიჭი სრულად პარალიზებული იყო და არც საუბარი შეეძლო.

დედის თქმით, ამ პერიოდში მისი შვილის ორგანიზმში სეფსისი განვითარდა და ინფექცია ფილტვებიდან სხვა ორგანოებზე გადავიდა.

ლიეტუვის საელჩო ამჟამად პროცედურების მოგვარებაზე მუშაობს, რათა ცხედრის სამშობლოში გადასვენება მალე მოხდეს.