შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.