შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ თანამდებობა დატოვა.

"დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შს სამინისტროს სისტემიდან", - წერს შსს-ს ყოფილი ინსტრუქტორი სოციალურ ქსელში და პოსტს თან ურთავს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის მიერ სისტემიდან წასვლის ფაქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტაქტიკური სწავლების კურსების დახვეწასა და განვითარებაში ხშირად მონაწილეობდნენ დასავლელი პარტნიორები.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.