ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1 283 ხმა.

პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1) მიიღებს.

მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.

არჩევნებში სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი იყო – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.

„უპირველესად, ყველა კანდიდატს ვულოცავ არსებულ შედეგს. მოხარული ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი, თუმცა ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი, უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ადვოკატს, ვინც კი გავიდა, მივულოცო და პროფესიის სასარგებლოდ, ერთობლივი მუშაობა ვუსურვო. ეს არის ერთი დიდი საერთო ოჯახი. რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ისე ჩატარდება. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ირაკლი ჩომახაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა.

„იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.