პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება, ხვალ მეცხრე დღეა, ღვთის განგებით ისე დაემთხვა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა, იქნება პარაკლისი, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მომლოცველებს სიონის ტაძარში მისვლა ყოველდღიურად შეუძლიათ, სადაც პარაკლისები აღევლინება და ფსალმუნები იკითხება.

"8 დღე შესრულდა, რაც ჩვენი უწმინდესი ამ ქვეყნად აღარ არის და ღვთის წინაშე წარდგა. პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება, მამაოები ასრულებენ პანაშვიდებს. ფსალმუნების კითხვაც უწყვეტად არის. მონაზვნები კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება. ხვალ მეცხრე დღეა. ღვთის განგებით ისე დაემთხვა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. იქნება პარაკლისი, რომელიც ყოველწლიურად სრულდება და ასევე, პანაშვიდიც შესრულდება, რომელსაც მღვდელმთავრები და სამღვდელოება შეასრულებენ. ჩვენ ამ დღეებში კარგად დავინახეთ, თუ როგორ ჰყვარებია ჩვენი უწმინდესი ერსა და ბერს. ეს მან თავისი თავმდაბლობითა და სიყვარულით დაიმსახურა", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს. მას შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია.