ამდენი ადამიანების ქუჩაში გამოსვლა ეს არის საქართველოს მოქალაქეების აღიარება, როგორ ადამიანის ტირიან. ეს არ იყო ერთიანი საქართველოს გლოვა, ეს იყო დაობლებული საქართველოს გლოვა, -  ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არა მარტო პატრიარქ ილია მეორეს, არამედ ილიას საქართველოსაც გამოემშვიდობა.

"ძალიან შთამბეჭდავი რამ მოხდა, ეს არ განმეორდება, ალბათ, არასდროს, ეს ეპოქა წავიდა, ასეთი ეპოქა აღარ დადგება. ილიას დროს იქცა მთელი კაცობრიობის ცვლილებების დროდ. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მშვიდად, დაბალანსებულად გაუძლო ყველაფერ ამას. მე მის პატრიარქად კურთხევას დავესწარი სვეტიცხოველში, სტიქაროსნების პირველ დასში მე ვიყავი ორი წელი. იმის თქმა მინდა, რომ ძლიერი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, გაგრძელებული დასუსტებული საქართველოთი, ომებით ცხინვალსა და აფხაზეთში, პოლიტიკოსების ერთმანეთის ჭამა, დევნილობა, შიმშილი - ყველაფერი ვნახეთ და ერთადერთი ადამიანი, ვინც იყო მშვიდი და დაბალანსებული, იყო პატრიარქი. ამ თავისი სიმშვიდით აჩვენებდა ქართველებს, თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი.

ამდენი ადამიანების ქუჩაში გამოსვლა ეს არის საქართველოს მოქალაქეების აღიარება, როგორ ადამიანის ტირიან. ეს არ იყო ერთიანი საქართველოს გლოვა, ეს იყო დაობლებული საქართველოს გლოვა. ეს ადამიანები არა მარტო ილიას, არამედ რაღაც საქართველოსაც გამოემშვიდობნენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.