ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 

"როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში, ორშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე ჟურნალისტები ყოველდღე შევიკრიბებით და მოვითხოვთ დგებუაძის გადგომას, რისი სამართლებრივი საფუძველიც გაგვაჩნია, ეს ადამიანი დაკავებულებს არასათანადოდ ეპყრობა“, - განაცხადა "ბათუმელების" რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ. 

სამართალდამცველებმა მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.