ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი თბილისში ინაცვლებს, ისინი დღეს 13:00 საათზე აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ.

მათი განცხადებით, ჭიათურაში უკვე ჰუმანიტარული კრიზისია.

"ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან გავმართავთ აქციას. მინდა მოგმართოთ თხოვნით, მობრძანდეთ 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოისმინოთ არსებული რეალობის შესახებ, იმ ოთხი დაკავებულის შესახებ და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ჭიათურას შორის რა პარალელებია",  - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მაღაროელები უკვე 10 თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. 

ქალაქში მაღაროელების ვითარება კიდევ უფრო იმ ფაქტმა დაამძიმა, რომ რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ და "ჯორჯიან მანგანეზმა" კომპანიის ხელმძღვანელმა რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი დანიშნა. აღნიშნულის შემდეგ რეორგანიზაცია გამოცხადდა და მაღაროელების უმრავლესობა უმუშევარი დარჩა. გაზაფხულზე კი პროტესტში მონაწილე 4 პირი დააკავეს, რომლებიც ამ დრომდე ციხეში რჩებიან.