პირველი აუცილებელი მანიპულაციის შემდეგ პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ, როგორც მძიმეს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქს კუჭიდან საკმაოდ ინტენსიური სისხლის დენა ჰქონდა.

"ექიმების მსჯელობიდან რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ პირველი აუცილებელი მანიპულაციის შემდეგ პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ, როგორც მძიმეს. რაიმე შემდგომი მოქმედებები მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი.

კუჭიდან საკმაოდ ინტენსიური სისხლის დენა ჰქონდა. მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში წუხელ გადაიყვანეს.