მშობლებო, ნუ დაღუპავთ შვილებს, მათ ჩემი შვილის დახმარება უნდოდათ და არ მინდა თქვენი შვილები დასხდნენ საბრალდებო სკამზე. მე ვიცი, რომ თქვენ კავშირი გქონდათ მკვლელების მხარესთან! თქვენ იცავთ მკვლელებს და წირავთ შვილებს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე წერს.

"ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

პოსტი დიდია და თემქელებს ვთხოვ, ბოლომდე წაიკითხეთ.

ორივე მკვლელი, ჩვენებაში წერს, რომ მე-2, თუ მე-3 სართულის ფანჯრიდან იხედებოდა ქალი.

მივმართავ ამ ქალბატონს, შემეხმიანეთ, ალბათ, ხართ დედა, შვილი ხომ მაინც ხართ? ხომ იცით რა ტკბილია დედაშვილობა და ჩვენი დედაშვილობა რა მწარედ გაწყვიტეს. ხომ ხედავდით ჩემს შვილებს, როგორი მოწესრიგებული ბიჭები იყვნენ. იცით, რომ მანდ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ შემეხმიანეთ, შეგხვდებით სადაც მეტყვით. მეზობლებო, იქნებ სულ არ აქვს ფეისბუკი იმ ქალბატონს, მოიკითხეთ ერთმანეთში; სულ არის 6 ოჯახი, რასაც მკვლელების თვალი გასწვდებოდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, მათ აგრესიას და შიშს, ხომ არავინ დაგვინახაო, შესაძლოა უფრო მეტ ფანჯარას მოავლეს თვალი.

ნუ დაიმალებით, შემეხმიანეთ!

აქ, დუმილი დანაშაულია!

მკვლელები სასამართლო პროცესზე იყენებენ დუმილის უფლებას, რადგან იციან, რომ ტყუილში იოლად გამოიჭერს მოსამართლე; მით უფრო, რომ ერთი ისეთი დებილია, როცა ჰკითხეს სად სწავლობო, ვერ უპასუხა.

მათ იცავთ, ყოფილი პროკურორები და პროკურატურასთან კარგად შეკრული, ძვირად ღირებული, მონსტრი ადვოკატები, რომლებიც ფულის გულისთვის რკინასაც კი გაღეჭავენ.

პროკურატურამ იმ ერთ, აქციის დღეს, რომ ჭკვიანი და პრინციპული პროკურორი, ლევან ვეფხვაძე გამოაჩინა პროცესზე და მედიასთან, რითაც პააააატარა იმედი ჩამესახა, ის ისევ გააქრო. აუხვია ხალხს თვალი და ახლა გიგას ისევ მხოლოდ მიხეილ კუპრაშვილი იცავს, რომელიც პატარა ბავშვივით დგას პროცესზე და საქმეს დაიცავს კი არა, იმდენად უსუსურია, გამოცდილებასაც ვერ მიიღებს ამ სასამართლო პროცესებიდან.

ახლა მივმართავ იმ თემქელი ბიჭების მშობლებს, ვისაც ჩემი შვილის გადარჩენა უნდოდა და სასწრაფოს გამოუძახა.
ათქმევინეთ სიმართლე შვილებს, სიმართლის დაცვა მარტივია, იქ არაფერი შეეშლებათ, თორემ ტყუილში მარტივად გამოიჭერენ. არ ვიცი, თვალს ადევნებთ თუ არა ამ საქმეს, მააააგრამ იცით საქმე საით მიჰყავთ?!

მოკლედ გეტყვით: მკვლელმა ალექსანდრე გაბაშვილმა მოუქნია მუჭი სახეში, გიგა მოწყვეტით დაეცა და შეშინებულები ადგილიდან მიიმალნენ. ამას ტელეფონით იღებდა გიორგი რიკაძე. (ვიდეოს ზუსტად ის ნაწილი აქვთ, რაც სჭირდებათ, დანარჩენი წაშალეს)

კლინიკაში გიგა მიიყვანეს თავგატეხილი. კითხვა: - "ვინ გატეხა თავის ქალა?"

მკვლელები რომ წავიდნენ, ექიმების მოსვლამდე თქვენი შვილები იყვნენ გიგასთან.

მშობლებო, ნუ დაღუპავთ შვილებს, მათ ჩემი შვილის დახმარება უნდოდათ და არ მინდა თქვენი შვილები დასხდნენ საბრალდებო სკამზე. მე ვიცი, რომ თქვენ კავშირი გქონდათ მკვლელების მხარესთან! თქვენ იცავთ მკვლელებს და წირავთ შვილებს!

125 მოწმიდან დაკითხვაზე დაიბარებენ მხოლოდ 12 მოწმეს და ამ მცირე რაოდენობაში შედის თემქელი ბიჭები!!!!
ფრთხილად, გაწირავთ ჩემს შვილს? დაიჭერენ თქვენსას!!!

მკვლელების მამებს შუბლის ძარღვი არ აქვთ! გამწირავთ? გაგწირავენ!" - წერს ეკა კუპატაძე.