გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა აცხონოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სიონში პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე განაცხადა.  

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს უწმინდესი ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღე დაემთხვა.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მე-5-ე საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესია მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა, ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე და აი, 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის, მსოფლიო ეკლესიის 7 კრების კანონების და აი, ასეთი ავტოკეფალიადაკარგული და დაობლებული ეკლესია განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო.

ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერო ნუგეშიც და სიხარულიც. აი, ჩვენ ველოდით, რა შეიძლება, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას", - განაცხადა მეუფე შიომ.