მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “მთის ამბების” რედაქტორს და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

"ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება პროფესიული საქმიანობის გამო. მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მომზადებულმა მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

“რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა,  კიდევ უფრო დამძიმდა. “ქართული ოცნება” ღიად ძალადობს ქართველ ხალხსა და დამოუკიდებელ მედიაზე. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე “ქართული ოცნების” სამართალდამცველისა თუ რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, უკანონოდ საქმიანობის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მუქარა, თუმცა არცერთი დამნაშავე იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, რაც ასევე ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად", - აღნიშნულია განცხადებაში.