გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ტარდება.

"ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000-მდე ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გლდანში პატარა ტბის მიმდებარედ წყალარინების ქსელის და სატუმბის სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

„გლდანის გამგეობამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, წყალარინების ქსელისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.