მოსკოვის საპატრიარქო, როდესაც წერილს გამოაგზავნის, წერილში ჩაწეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - აი, ეს აუცილებელი წესი დაიცვას და შემდეგ შეიძლება მათთან საუბარი, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა სინოდის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მათი მხრიდან ზეწოლას ვერ გრძნობს.

"მათ თავისი ინტერესები და ხედვები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, ჩემი პასუხი კი ეს იქნება - მოსკოვის საპატრიარქო, როდესაც წერილს გამოაგზავნის, წერილში ჩაწეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - აი, ეს აუცილებელი წესი დაიცვას და შემდეგ შეიძლება მათთან საუბარი. ახლა ზეწოლას არ ვგრძნობ მათი მხრიდან.

ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.

ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ასაკობრივი ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ.