განსაცდელის ჟამს, როცა გგონია, რომ ყველამ დაგივიწყა, გავიხსენოთ ხოლმე უფლის სიტყვები -  "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც". შენში უნდა მონახო დასაყრდენი ძალა. ქარიშხალს ღმერთი ისე გაგატარებს, რომ ერთი ბეწვიც არ ჩამოვარდება შენგან, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, განსაცდელის ჟამს ადამიანი სასოწარკვეთილებამ არ უნდა შეიპყროს და უნდა სჯეროდეს, რომ უფალი მუდამ მასთანაა.

"არ შეიძლება ჩვენი რწმენა, ქრისტიანობა მხოლოდ წარსულის ნაწილად მოვიაზროთ, ეს არის ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, თუ ჩვენ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს, როგორც ერს.

პავლე მოციქული საოცრად გვიჩვენებს, ერთი შეხედვით პარადოქსულ აზრში, როგორ არის ჩაქსოვილი ჭეშმარიტება და გიჩვენებს, როგორ გარდაიქმნება შენი ადამიანური სისუსტე ღმერთის ძალაში -  "როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი ". ამავდროულად, გვიზიარებს თავისი მოციქულებრივი ღვაწლის სირთულეს, პირად გამოცდილებას, გვმოძღვრავს და მიგვიძღვის საღვთო ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე.

როცა საუბრობს -  "ეკალი მომეცა სხეულშიო", ეკალი არის ჩვენზე დაშვებული განსაცდელები და ამ ყველაფრის დადებითი ზემოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ გიცავს ამპარტავნებისაგან. როცა რაღაც მძიმე სენი დაგემართება, ან განსაცდელი მოგაკითხავს, ისეთი აზრები მოგდის, ისეთ რამეებზე ფიქრობ, რომლისთვისაც სხვა დროს არ გცალია და პავლე მოციქული, ეს დიდებული პიროვნება გეუბნება თავის სისუსტეებს და ამბობს, რომ ამპარტავანი რომ არ გავხდე, რომ არ გავმედიდურდე, ეს განსაცდელები უფალმა დაუშვაო.

უფალმა უკეთ იცის, უფალმა ქარიშხალიც კი არ ჩაახშო ზღვაზე, როდესაც აღელვებული იყო და მოციქულები შეშინდნენ. უფალი გაძლევს საშუალებას, ამ ტალღებსა და ქარიშხალში მშვიდად გაიარო, მთავარია, შენში იყოს ღრმა რწმენა და მოთმინება.

მორწმუნეთათვის შეუძლებელი არაფერი არ არის, ყველა ადამიანს აქვს თავისი ეკალი, თავისი ქრონიკული დაავადება, ოჯახური პრობლემა, მისთვის დამახასიათებელი სისუსტე, ან სხვა სახის გარემოება, რომელსაც ლოცვისა და მცდელობების მიუხედავად, ვერ აღმოფხვრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლოცვაზე უარი თქვა, ეს არ იქნება სწორი. წაკითხული ჩვენ გვასწავლის სწორედ იმას, რომ სასოწარკვეთილებამ არ შეგვიპყროს, რომ არ ვთქვათ, ღმერთს არ ესმის ჩემი, დამივიწყაო. მივმართოთ ჩვენი გული, სულიერი მზერა უფლის მიმართ და გახსოვდეს, რომ ყველაფერი დროულად მოდის მასთან, ვისაც შეუძლია ლოდინი. სწორედ ეს სირთულეები გვინარჩუნებენ ადამიანობას და თავმდაბლობას.

გვინახავს, როცა ადამიანს ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებოს, მაგრამ მერე იწყება დაცემა. პავლე მოციქულის მაგალითი გვასწავლის, რომ საკუთარი სისუსტეების აღიარება არ არის სირცხვილი, მისი დამალვა დაგაზიანებს. მიმართე შენი რწმენა მის მიმართ, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია და ის გატარებს მშვიდობით. განსაცდელიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოდიხარ ადამიანი.

განსაცდელის ჟამს, როცა გგონია, რომ ყველამ დაგივიწყა, გავიხსენოთ ხოლმე უფლის სიტყვები -  "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც". შენში უნდა მონახო დასაყრდენი ძალა. ქარიშხალს ღმერთი ისე გაგატარებს, რომ ერთი ბეწვიც არ ჩამოვარდება შენგან", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.