თითოეული ჩვენგანი, ალბათ, ჩამოყალიბებულია, ვის უნდა მისცეს ხმა და ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება საპატრიარქოს სამი კანდიდატი, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე მას არანაირი ზეწოლა არ ჰქონია.

"დღევანდელი დღე არის ისტორიული, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი, ალბათ, ჩამოყალიბებულია, ვის უნდა მისცეს ხმა და ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება საპატრიარქოს სამი კანდიდატი.

მეუფე დანიელს უსრულდება 71 წელი, უკვე ის არის 70 წლის, რა თქმა უნდა, დღეს საბოლოოდ გაიცემა პასუხი. მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება არ არის საკმარისი, სინოდის წევრები უნდა შეჯერდნენ, მაგრამ მე პირადად, ვფიქრობ, რომ მას აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

არანაირი ზეწოლა და გავლენა არ მიგრძნია, სხვების მაგივრად მე ვერ გაგცემთ პასუხს. ინტერესი არის, რადგან ვირჩევთ მომავალ პატრიარქს, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა უხელმძღვანელოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", -  განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ.