ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმრის ელდარ კურტანიძის შვილები, პირველი ქორწინებიდან, სოციალურად დაუცველები არიან და ბაზაში 2016 წლიდან არიან შეყვანილი.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, კურტანიძე მას შემდეგ უფრო აგრესიული გახდა, რაც გაიგო, რომ ხათუნამ მის შვილებს ბორჯომში საკუთარი წილიდან სახლი აჩუქა.

ყოფილი ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ ყველანაირად ცდილობდა, მისთვის ღირსეული მამის და ჩემპიონის სახელი შეენარჩუნებინა, თუმცა, მას შემდეგ რაც ნახა, რომ ელდარი შვილებზე საჯაროდ არ საუბრობს, გადაწყვიტა, მასზე ხმამაღლა ესაუბრა.

"წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემპიონი ელდარის სახელი საქართველოსთვის შემენარჩუნებინა, მისი შვილებისთვის შემენარჩუნებინა, ღირსეული მამის სახელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ელდარი საუბრობს, რომ ჰყავდა ერთი მეუღლე და მეორე მე ვარ, არის სრული სიცრუე, როდესაც მამა პირდაპირ ეთერშიც კი არ აღიარებს, რომ ჰყავს შვილები, ერთგვარი მოტივატორი გახდა ჩემთვის, რომ მასზე ხმამაღლა მესაუბრა.

ის არ საუბრობს შვილებზე, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველები არიან, ყველა სიტყვაში ამბობს, რომ მე მას წავართვი ქონება, რომელიც მისი შვილებისაა. მე სულ აგრესიული ლუკა კურტანიძე მახსოვს, მაგრამ გაცილებით აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც  ელდარის სოციალურად დაუცველ შვილებს, ჩემი წილი ქონებიდან ვაჩუქე მათ, ბორჯომში. როდესაც მან გაიგო, მისთვის ერთგვარი აგრესიის საფუძველი გახდა. დიახ, ელდარ კურტანიძის შვილები არიან სოციალურად დაუცველები, სასოწარკვეთისგან, მათმა დედამ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა და დახმარება სთხოვა. მალევე რეალური ნაბიჯები გადაიდგა და მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, რამდენადაც ვიცი, კომისიის წევრებიც გაოგნებულები დარჩნენ, რომ გაიგეს ვისი შვილები იყვნენ", - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.