მეხანძრე-მაშველის ბექა დაუდაშვილის თქმით, ფონიჭალაში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი "წარმოუდგენლად რთული გამოსაყვანი იყო, მოყოლილი ისე იყო, რომ გამოყვანა გაჭირდა".

"ბავშვი არ იყო კონტაქტური, სახე ჰქონდა დაფარული, ცხვირიდან სუნთქავდა, სიტყვებსაც ვერ გადმოგვცემდა. ერთი პერიოდი იყო, რომ ფეხს ამოძრავებდა და ფეხიც არ გაგვიმოძრავა. როდესაც მივედით, წამოიტირა. სახე დაფარული ჰქონდა, ხმამაღლა ვერ ახერხებდა ტირილს, მერე გავათავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი, ისე იქცეოდა, მერე კონტაქტში შემოვიდა, მაშინვე გაჩუმდა" - ამბობს დაუდაშვილი გადაცემაში "იმედის დღე".

კიდევ ერთი მეხანძრე-მაშველის გაგა გიგაშვილის თქმით, ბავშვს "დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე".

"მის თავზე იყო ნანგრევები, ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როცა ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა... შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო ეჭირა, თმის სამაგრი ეჭირა რვა საათის განმავლობაში, მუჭში ეჭირა და როდესაც გავუხსენით, გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, ხელი მოეჭირა, თუ ესმოდა ჩვენი ხმა, ხელი როცა მოგვიჭირა, მაშინ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო", - ამბობს გიგაშვილი.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქებას ხუთსართულიან კორპუსში ნგრევა მოჰყვა. კლინიკებში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი, მათ შორის 31 წლის კაცი, რომლის ბინაშიც მოხდა აფეთქება. მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს.

7 ადამიანის ძებნა-შველის ოპერაციები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლის თაია გამოიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკებში რჩება სამი ადამიანი - 31 წლის მამაკაცი, ასევე, 11 წლის და 3 წლის ბავშვები.