ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილად ისტორიული და სასიხარულო. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა საეკლესიო გაფართოებულ კრებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი თვის პერიოდს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილად ისტორიული და სასიხარულო. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისთვის. ყველაზე დიდი ქრისტიანობაში ყოველთვის არის სიყვარული. ბოლო ორი თვის პერიოდს რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს " , - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.