ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა.

ზემოაღნიშნული საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება.

აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე: პირველი საქმე (no. 13661/25) ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი (no. 36304/25), რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ასევე, დარეგისტრირებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.