ნინო გვიშიანი გენპროკურორს სთხოვს, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, რომელიც თავადვე დაიწყო, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თემო ხადურის დედა დარწმუნებულია, რომ სწორედ გვარაკიძის და მისი თანამშრომლების დამსახურებით არის რომ მტკიცებულებების ნაწილის წაშლა ვერ მოესწრო და სიმართლეს ფარდა აეხადა.

"როდესაც ჩვენ საქმის მასალები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაიტანეთ, მას ხელმძღვანელობდა გიორგი გვარაკიძე. მისი და მისი თანამშრომლების დამსახურებით გვაქვს დღეს რა სურათიც გვაქვს, რომ დარჩა წაუშლელი, მან კარგად იცის ჩემი შვილის საქმე და სწორედ ამიტომ მივმართავ მას, რომ ბოლომდე მიიყვანონს ის, რაც თვითონ გააკეთეს და იწვალეს", - განაცხადა გვიშიანმა გადაცემა “რეაქციაში“.

მისი თქმით, მისი შვილის მკვლელობა იყო სადიზმი და სხეული ისე იყო განადგურებული, რომ ექსპერტიზას პასუხის დადებაც კი გაუჭირდა.

"ეს იყო სადიზმი, ექსპერტიზამ პასუხებიც კი ვერ დადო, ისე იყო ჩემი შვილის სხეული განადგურებული. უკიდურეს ზომამდე ვარ მისული, რადგან სამართალი ვერ ვიპოვე, მათ ყველაფერი გააკეთეს ამისთვის", - აღნიშნა მან. 

ნინო გვიშიანი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს ვიღაც მფარველობს და სწორედ იმიტომ არ დადგა აქამდე სამართალი, რომ საქმეში სამართალდამცველები ფიგურირებენ.

"ამ დრომდე მორჩილად ველოდებოდი, ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილის საქმეს ნათელი მოჰფენოდა. ერთი ჯოჯოხეთია დედისთვის, რომ გამორჩეული შვილი არ ჰყავს, მერე ის რომ ემატება, რომ სამართალს ვერ ვპოულობ და ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან, ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ჩემი შვილი გააქრეს სამი დღის მანძილზე, ეს არის პროფესიონალური ნამუშევარი. ალბათ, იმ სამი დღის მანძილზე ჩემი შვილის ცხედარს ყარაულობდნენ, რომ კვალი ბოლომდე წაშლილიყო, რათა არ დასჯილიყვნენ ჩემი შვილის მკვლელები", - აცხადებს შვილმკვდარი დედა.

ნინო გვიშიანის თქმით, ის შვილმკვდარმა დედებმა - ეკა კუპატაძემ და იზა ომაძემ გააძლიერეს და მოტივაცია მისცეს.

"მე ვიცი, რომ ჩემი შვილის საქმე გამოძიებულია, ჩემი მოთხოვნა და თხოვნაა, ვთხოვ გენპროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს საქმე მიიყვანონ ბოლომდე, ტელეფონის ამონაწერებსაც ველოდებით, ექსპერტიზის კომისიურსაც ველოდებით, რომელიც არა და არ გვაღირსეს. ისევ და ისევ, ვაგრძელებ ბრძოლას, ვაანონსებ და ჩემი დაანონსებული არ იცვლება, ვაპირებ ფეხით შემოვიარო მთელი რეგიონები, ჩემს უკან არის ზღვა ხალხი, ვიწყებ მსვლელობას, სანამ ცოცხალი ვარ, ამ საქმეს შევეწირები, თუ არ იქნება ბოლომდე მიყვანილი. ჩვენ გვაქვს საიმისო მტკიცებულებები და მასალები, რომ ამ  პირებს, ვისაც ვასახელებ, წაეყენოთ შესაბამისი ბრალი", - განაცხადა თემო ხადურის დედამ.

თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.