სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიწყო.

"პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ზონა. დამონტაჟდება გარე განათება, სარწყავი სისტემა, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და გამწვანდება. ამავე ტერიტორიაზე განხორციელდა წყლის რეზერვუარის დემონტაჟიც, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მეორე სკვერი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.

"ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაშიც განთავსდება მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცეები. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.