საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.

საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან-მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.