ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყების მოთხოვნით გამოდის.

მათი განცხადებით, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შექმნილ ელექტრონულ პეტიციას მოკლე დროში ოთხი ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

"ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კანცელარიასთან კონკრეტული მოთხოვნით - დაიწყოს ხელისუფლებამ საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენი პროფესიული პოზიციის გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ელექტრონული პეტიციის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, ძალიან მოკლე დროში 4 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საყოველთაო ამნისტიის მხარდაჭერა.

გასათვალისწინებელია ამ ყველაფერთან ერთად ისიც, რომ ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებში. ეს საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ეჭვს, თუ რამდენად სამართლიანად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იძიებდნენ ეს ადამიანები და უწყებები საქმეებს. 

ლოგიკურია, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკვეთს მკვლელობას, იღებს ქრთამს, “ათეთრებს ფულს” და ამუშავებს ქოლცენტრებს, ის ვერ ჩაითვლება ობიექტურ გამომძიებლად, ამიტომ ხელისუფლებამ, რომელმაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, უნდა მიიღოს ადეკვატური, სამართლიანი და ჰუმანური გადაწყვეტილება ყველა პატიმრის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების გათვალისწინებით“, - განაცხადეს უფლებადამცველებმა.