ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ჟურნალისტს იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ მიუხედავად პატიმრობისა და ჯარიმებისა, მაინც ისაუბრებს იმაზე, რაც მისთვის მისაღებია.

"არაფერი იცვლება ჩვენი პატიმრობით, რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს ეს. მე ძალიან მეუხერხულება ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენი ხანი ვიჯექი აქ. ჩვენ ისეთი ხალხი გვიზის ციხეში, ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, რომ მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და მივიყვანთ. ასე რომ, რა ჯარიმაც არ უნდა დაგვიწერონ, ჩვენ მაინც დავწერთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. არ შევასწორებთ ჩვენს ლექსიკას იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი. ჩვენ ვილაპარაკებთ", - განაცხადა ვახო სანაიამ.

ტელეწამყვან ვახო სანაიას ფეისბუკზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდეს.
იქამდე "ფორმულას" წამყვანს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ივლისში ჰქონდა შეფარდებული.