რატომ არ ჰყავს მთავრობას და პარლამენტს ასტროლოგი მრჩევლები, როცა მილიონები იხარჯება უსარგებლო თანაშემწეების და მრჩევლების შენახვაში? არა თუ მინისტრებს, არამედ დეპუტატსაც უნდა ჰყავდეს მრჩევლად ასტროლოგი, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

"არ მოუსმინა ხელისუფლებამ შარშან ასტროლოგებს აგენტების კანონთან დაკავშირებით და რევოლუციური სიტუაცია წარმოქმნა ცარიელ ნიადაგზე.

მოუსმინეთ, თუ რას ამბობს ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარეიშვილი პარლამენტში აგენტების კანონის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით:

“ეს კანონი ახლა არ უნდა ყოფილიყო დაინიცირებული, რადგან მზის დაბნელებას ემთხვევა, რაც მღელვარებებს და კონფლიქტების წარმოშობს. კანონის ინიცირება უნდა მომხდარიყო ან მარტში, როცა მზე გაივლის მშვიდ თევზებს ან მაისში, როცა მზე გაივლის ფრიად სტაბილურ კუროს.

მთავრობა უშვებს მიუტევებელ შეცდომას და აღვივებს საზოგადოებაში აგრესიას, რადგან მზე გადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ვერძს კი მართავს ომის მმართველი და აგრესიის გამომწვევი პლანეტა მარსი. ზუსტად ამ დღეებში იგი უერთდება სატურნს, მთავარ დამსჯელ პლანეტას. თანაც ყველაფერი ხდება დაბნელების დერეფანში.
ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს, რა ხდება ცის კაბადონზე”.

ამაზე ნათლად როგორ უნდა შეაგნებინო “ქართულ ოცნებას”, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება.

ამათ არც კუროსი ესმით, არც ვერძის და არც თხის რქის. ღრიანკალს მაინც დაუგდონ ყური( ჩემი ზოდიაქოს ნიშანია, სხვათა შორის).

ნუ გაიჩალიჩებთ დამხობასო, გვაფრთხილებენ ვარსკვლავები. რაც მოხდება, თქვენს თავს დააბრალეთ!" - წერს გოცირიძე.