დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარების გეგმები საქართველოში, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში სურს გააკეთოს ისეთი მმა-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშებენ მმა-ის პროფესიონალი თუ დამწყები მებრძოლები.

"მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.

არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს, რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.

მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა-ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, რომელსაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარების გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC-ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც", - წერს დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 2024 წლის 15 სექტემბერს გახდა. გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს სრულიად მოახმარს ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-ს და სპორტის განვითარებას.