კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა - ეს და სხვა პრიორიტეტებია ხაზგასმული ევროკავშირის ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში.

ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით ვიქტორ ორბანი ბლოკავს. უნგრეთის ლიდერთან შეთანხმების მისაღწევად და წინააღმდეგობის დასაძლევად ბრიუსელს ორი კვირა რჩება.

თავად დოკუმენტი, რომლის პროექტი რადიო თავისუფლებამ ნახა, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე. პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს 9 დათქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.

ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

"[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - წერია დოკუმენტში.

უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

რა წერია საქართველოზე?

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.

საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:

მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად“.

სამოქალაქო საზოგადოება, პოლარიზაციის დაძლევა

ტექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.

"ეს უზრუნველყოფდა რეფორმირების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ - კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მხრივ“, - წერია საბჭოს დასკვნების პროექტში.

ასევე მითითებულია, რომ „საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი".

დოკუმენტში გამოყოფილია ასევე გაფართოებისთვის ფუნდამენტური შემდეგი საკითხები:

საბჭო აღნიშნავს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების მხრივ;

საბჭო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, აიღოს გაწევრიანების ვალდებულებები;

მხარს უჭერს ევროკავშირის ფუძემდებლურ საკანონმდებლო პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს; ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაძლიერებული შესრულების საფუძველზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.

საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს - გააგრძელოს სავიზო ლიბერალიზაციის [უვიზო მიმოსვლის - რ.თ.] კრიტერიუმების შესრულება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან თავსებადობა, ნეგატიური ტენდენციის შეცვლა
პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.

საბჭო ხაზს უსვამს „ძლიერ მოლოდინს“, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“.

"ის [საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის" , - წერია ტექსტში.

გაფართოების შესახებ დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს „ევროკავშირთან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის - რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“.

სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, დეოლიგარქიზაცია

"საბჭო კვლავ აცხადებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვანი მოქმედება და მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს“, - წერია "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტში.

"საბჭო ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და განსაკუთრებით - სასამართლო, საპროკურორო და მონეტარული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“.

"საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიების შედეგების განვითარების მნიშვნელობას და დეოლიგარქიზაციის ზომების მიღებას, სისტემური მიდგომით“.

2024 წლის არჩევნები
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან“.

არჩევნებთან მიმართებით საბჭო აღნიშნავს, რომ „ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მტკიცე ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის გასაძლიერებლად“.

მედია, გამოხატვის თავისუფლება, LGBTI უფლებები

საბჭო კვლავ აცხადებს, რომ „საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს“:

მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის ჩათვლით;

აზრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას;

დაიცვას LGBTI პირები დაშინებისგან და ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.

სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა

საბჭო კვლავ აცხადებს, რომ „მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.

ხაზი ესმება ასევე, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და ასევე არაღიარებისა და ჩართულობის თავისი პოლიტიკის მტკიცე მომხრედ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით საქართველოში“.

წყარო: რადიო თავისუფლება