ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და ევროპარლამენტარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო წერილით მიმართავს და ალექსეი ნავალნის სიკვდილის ფონზე სთხოვს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ციხეში მყოფ პოლიტიკური ოპონენტების ბედს. წერილში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

"ალექსეი ნავალნის ტრაგიკულმა სიკვდილმა უნდა გვაიძულოს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ციხეში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების ბედს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

სწორედ ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც დაკავებულია 2021 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნდა.

2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, იმოქმედოს მისი გათავისუფლებისა და სამედიცინო მიზეზების გამო საზღვარგარეთ გადაყვანის სასარგებლოდ.

მას შემდეგ საქართველომ მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რაც უდავოდ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო შოკის მომგვრელია, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ციხეში ჰყავს ადამიანი, რომელიც მათი პრეზიდენტი იყო, ადამიანი, რომელმაც წაიყვანა საქართველო დემოკრატიისკენ ვარდების რევოლუციის სათავეში დგომისას, ის ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ გთხოვთ, გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ არჩევანი და რომ ამ არჩევანს ექნება შედეგები: ან გააგრძელონ საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზა, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ საქართველოდან წასვლის საშუალება საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის მისაღებად, ან დატოვებენ მას ტყვეობაში მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისინი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალურობას.

თუ ევროკავშირს შეუძლია მკაფიოდ ისაუბროს ყოფილ საბჭოთა კავშირში დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების საქმეებზე, ეს აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის ბრძოლა ადარდებთ და ის ტყუილად არ მომკვდარა.

პატივისცემით ნატალი ლუაზო".

წერილი, რომელიც ხელმოწერისთვის ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდება, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.