უკრაინაში რუსეთის მხარეზე მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა.

"აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ“, - განაცხადა ბარციცმა რუსულ მედიასთან.

მისივე თქმით, "იმ პირობებში, როდესაც რუსეთი გლობალურ საფრთხეებს აწყდება, აფხაზეთი მას რეალურ მხარდაჭერას უწევს, ადასტურებს თავის სოლიდარობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც".

როგორც მან აღნიშნა, "აფხაზეთიდან მოხალისეები, ჟურნალისტები და ექიმები საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობენ, დახმარებას უწევენ დაჭრილებს".

ბარციცის თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას" ჰუმანიტარული მისიით პირადად ეწვია.

ბარციცი 6 ივნისს რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.