მთავარი საკითხი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო, ე.წ. ბორდერიზაცია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულია 11 პირი, ხოლო ბორდერიზაციის კიდევ ორი ფაქტია გამოვლენილი.

"მთავარი საკითხი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება და ასევე, წინა შეხვედრიდან - 18 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტების განხილვა, ამ შემთხვევაში იგულისხმება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

დაკავებული გახლავთ 11. უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და უკანონო ბორდერიზაციის საკითხი განიხილება.