რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". 

"გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაში, სახელმწიფოს განმტკიცებაში, როგორც ეს გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის გზა მხოლოდ წინ მიდის - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიეოვთან შეხვედრისას.

ლავროვმა "პრინციპული პოზიციისთვის" უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მინისტრს მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, ლავროვი დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანას შეეხო.

"მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება", - განაცხადა მან.