ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა პროტესტს მართავს. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვენ. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზეა.

პროტესტის მონაწილეების თქმით, თითოეულ მათგანს უწევთ შიმშილობასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრება, რადგან არ აქვთ საცხოვრებელი.

"მარტოხელა დედა ვარ, 9 წელია, ასე ვწვალობ. 2 ტყუპი შვილი მყავს და არანაირი საშუალება არ მაქვს იმის, რომ ვუყიდო საკვები და მყავდეს თბილ ოთახში. ამდენი ხანია, ვითხოვთ დახმარებას, რომ ჭერი გვქონდეს და აღარ ვიყოთ ასე უსახლკაროდ“, - განაცხადა პროტესტის მონაწილემ.

მათივე თქმით, მთავრობა არანაირად არ იწუხებს თავს და არ ცდილობს ყურადღება მიაქციოს ამ საზოგადოებას.

"ესენი თვეებია, დადიან რიჟვაძის ოფისთან და რიჟვაძე იგნორირებას უკეთებს ამ ადამიანებს. საკუთარ მოსახლეობას უკეთებს იგნორს. აჭარას დღეს იმდენი რესურსი აქვს, როგორიც არც ერთ რეგიონს. უსახლკაროების პრობლემა უნდა მოიხსნას, მაგრამ იქამდე მიჰყავთ ეს საზოგადოება, რომ ესენი არ დაიშლებიან. არჩევნების შემდეგ, აჭარაში სერიოზული სოციალური აჯანყებაა მოსალოდნელი“, - განაცხადა თამაზ ბაკურაძემ.