თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას, კერძოდ - "ოკუპირებული ტერიტორიები".

შამბამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება“.

მისივე თქმით, აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია "საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა განიხილეს.