არგენტინამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მოუწოდა, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გამოსცეს. 

არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მადუროს მთავრობის ქმედებები შეიძლება იყოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული.

სამინისტრო აცხადებს, რომ ორშაბათს, 9 სექტემბერს, ბუენოს-აირესი სასამართლოს მადუროს და მისი მთავრობის სხვა წევრების დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები და 28 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები საკმარისი ელემენტებია ზემოაღნიშნული დაკავების ორდერის გაცემის მართებულობის განსახილველად", - აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, ათობით დაშავდა.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა და რიგმა ქვეყნებმა დაგმეს ოპოზიციის მიმდინარე რეპრესიები.

რამდენიმე დღის წინ ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.

ავტობუსის ყოფილი მძღოლი ნიკოლას მადურო ხელისუფლებაში ვენესუელაში 2013 წელს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.