ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობენ და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებენ, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქალაქსა თუ რეგიონში მიმდინარეობს მოქალაქეების მოსყიდვა და დაშინება.

"ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობენ და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებენ. ჩვენი ოფისიდან შემოსულს და გასულს ცდილობენ, რომ დააშინონ, მოიტაცონ. ვისზეც მოტაცება და საუბარი არ ჭრის, მერე სცემენ. ასეთი შემთხვევა იყო ახლაც, ამ ადამიანზე საუბარმა არ გაჭრა, ჩვენი კომისიის წევრი სცემეს და საავადმყოფოში მოხვდა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველას დაცვას ვაპირებთ, მათ შორის ხმების დაცვას, ჩვენი კომისიის წევრების, დამკვირვებლების დაცვას და საბოლოო ჯამში, გამარჯვებას არჩევნებში  26 ოქტომბერს, თუმცა ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის, სამწუხაროდ, კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა. ეს ხალხი პირდაპირ ივანიშვილის, გომელაურის და სუსის დავალებას ასრულებს.
ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მიმდინარეობს ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა. ადამიანები, რომლებიც იცავენ ხალხის ხმებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანას ჩამოაშოროს, ამ ადამიანებს ამ გზით უსწორდებიან და ასე გაუსწორდნენ ჩვენი კომისიის წევრს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ივანიშვილის მხარეს, არის ოპოზიციონერი და აპირებს ხმების დაცვას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დავიცავთ ყველას. არცერთ მათგანს ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვებთ და ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნაძალადევის შტაბის და ასევე, კომისიის წევრს ზურაბ აბაევს  პოლიციამ დაკავებისას  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აბაევი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.