აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა. გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.

სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.

სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიამ მიიჩნია, რომ სპეციალური ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას.

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კონგრესს აქვს უფლება დააწესოს ტარიფები.

კერძოდ, საქმე ეხება დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ 25-პროცენტიან გადასახადებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე, 20-პროცენტიანს ჩინეთიდან და, ასევე, 10-პროცენტიან ტარიფს ყველა ქვეყანაზე.

სასამართლომ ასევე გააუქმა "ორმხრივი" ტარიფები 20%-დან 50%-მდე 60 ქვეყნის პროდუქციაზე, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 9 ივლისს.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კუშ დესაიმ გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მოსამართლეები არ უნდა წყვეტდნენ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის საკითხებს.