აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა მართავს ვენესუელას, სადაც დღეს სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და ასე გაგრძელდება ხელისუფლების გადაცემამდე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი ოპერაცია არის თავდასხმა, რომლის მსგავსიც ხალხს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს - თავდასხმა „კარაკასის ცენტრში მდებარე მყარად გამაგრებულ სამხედრო ციხესიმაგრეზე, რომლის მიზანია დამნაშავე მადუროს სამართლიანობის წინაშე წარდგენა“.

"ჩვენ ქვეყანას (ვენესუელას) ვმართავთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ხელისუფლების უსაფრთხო, მოწესრიგებულ და კანონიერ გადაცემას. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე სხვა ჩაერიოს სიტუაციაში. ჩვენ ვმართავთ ქვეყანას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ მზადაა განახორციელოს მეორე, მნიშვნელოვნად უფრო დიდი თავდასხმის ტალღა, „საჭიროების შემთხვევაში“.

„ჩვენ ვემზადებოდით მეორე ტალღისთვის, ვფიქრობდით, რომ ეს აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა აღარ, რადგან თავდასხმის პირველი ტალღა ძალიან წარმატებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

3 იანვრის დილით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო, მათ შორის განხორციელდა საჰაერო დარტყმები კარაკასს და ქვეყნის სხვა რეგიონებში.

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელაში ოპერაცია 30 წუთი გაგრძელდა.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპერაცია წარმატებული იყო და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

აშშ-მა მადურო ნარკოტერორიზმს და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა.

ნაკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტია 13 წლის განმავლობაში, ის ქვეყანას უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მართავდა.

აშშ-მა, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ მადუროს და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური და სექტორული სანქციები დააწესეს, ბრალი დასდეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, არჩევნების გაყალბებასა და ავტორიტარულ მმართველობაში.