დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის მერის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. 

საჯარო ფიცის დადების ცერემონიაზე მამდანიმ პირობა დადო, რომ მშრომელი ადამიანებისთვის ნიუ იორკში ცხოვრებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

"ჩემო თანამემამულე ნიუიორკელებო, დღეს ახალი ერა იწყება. მადლობა ჩემს მშობლებს ჩემი აღზრდისთვის, იმისთვის, რომ ამ ქალაქში მომიყვანეს. მადლობა ჩემს მეუღლეს, რამას იმისთვის, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყოველთვის მაჩვენებს სილამაზეს ყოველდღიურ რაღაცებში. რაც მთავარია, მადლობა ნიუ-იორკის მოსახლეობას. ვის ეკუთვნის ნიუ იორკი? ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში მერის პასუხი მარტივი იყო. ის მხოლოდ მდიდრებსა და კარგი კავშირების მქონე ადამიანებს ეკუთვნოდა. მშრომელმა ხალხმა იგრძნო შედეგები. გადატვირთული საკლასო ოთახები და საცხოვრებელი უბნები, სადაც ლიფტები არ არის გამართული, ორმოებით სავსე გზები და ავტობუსები, რომლებიც ნახევარი საათის დაგვიანებით მოდიან. ხელფასები, რომლებიც არ იზრდება და კორპორაციები, რომლებიც ატყუებენ როგორც მომხმარებლებს, ასევე თანამშრომლებს. ნიუ იორკი ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს. ჩვენ ერთად მოვყვებით ჩვენი ქალაქის ახალ ისტორიას. ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა ნიუიორკელის და არა რომელიმე მილიარდერის ან ოლიგარქის წინაშე, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია ჩვენი დემოკრატიის ყიდვა. მე ამირჩიეს როგორც დემოკრატი სოციალისტი და მე არ დავთმობ ჩემს პრინციპებს. ჩვენი სამუშაო ახლა იწყება“, – განაცხადა მამდანიმ.

34 წლის ზოჰრან მამდანი შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა და ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის მერმა ფიცის დადებისას ყურანი გამოიყენა.