აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, შემოდგომაზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდეს. შეხვედრა შესაძლოა, ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთში გაიმართოს. 

უცხოური მედიის ცნობით, ტრამპი შესაძლოა, ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე გამგზავრებამდე ჩავიდეს, რომელიც 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება.

ასევე, არ არის გამორიცხული, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ზემოხსენებული სამიტის ფარგლებში მოხდეს, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდება.

სამხრეთ კორეული მედია წერს, რომ სი ძინპინი ამ სამიტზე დასწრებას გეგმავს, თუმცა ტრამპის მონაწილეობა ჯერ არ დადასტურებულა.

ორ ქვეყანას შორის ბოლო მაღალი დონის შეხვედრა 11 ივლისს შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მალაიზიაში შეხვდნენ და მათი თქმით, პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრა გამართეს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობას ეძღვნებოდა.

ამ დღეებში The Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ სი ძინპინს სურს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება მას, ტრამპსა და პუტინს შორის. მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა არაფერი იცის შეხვედრის ასეთი ფორმატით მომზადების შესახებ.