მე ვარ ციხეში უსამართლოდ, იცით როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა: "სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დღევანდელ პროცესზე დეტალურად აღწერა აქციის მიმდინარეობის პროცესები.

"აქციაზე ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე გვესაჭიროება ხმის გამაძლიერებელი, ვისაც ვუჭერ მხარს პარტიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მანქანა შემოეყვანათ, სასტუმრო "მარიოტთან" იყო პოლიციელების კორდონი. 30 საპატრულო მანქანა იდგა. გააჩერეს ჩვენი მანქანა. როცა გავიგეთ, რომ მანქანა გააჩერეს ამოვედი "მარიოტთან" და ჩემს გვერდზე იყო გიორგი ვაშაძე და ვაშაძეს ველაპარაკებოდი - რა გავაკეთოთ მეთქი.
ამ დროს რომ მივედი, - "ბიჭებო რატომ აჩერებთ, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-მეთქი". ჩაცმულობითაც შესაბამისობაში ვიყავი. სად მუშაობთ-მეთქი - ერთ-ერთს ვკითხე, გამოდგა დიღმის მასივის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციელი, მან მითხრა - "ხალხი მოიყვანეთ ბევრი და შეგიშვებთო", ვუთხარი ვაშაძეს, რომელიც წავიდა ქვევით და მეც გავყევი.. ვაშაძემ გამოაცხადა "უსამართლოდ გვექცევიან და მოგვეშველეთო"... ადამიანები დაიძრნენ "მარიოტისკენ"... როგორც კი მოვგროვდით ბევრი ხალხი, ეს მანქანა შემოუშვეს.. ერთი ჩადგა წინ, რომ ხალხი არ გადმოსულიყო.

ამ დროს პირველი ტყუილი პოლიციელებისგან ითქვა ის, რომ ხუთი წუთი გაგვაჩერეს. ნაკადს მოვყვებოდით, ჩემს გვერდით იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, სოფო და თიკა ("ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სოფო ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა). წინ მოდის გაბუნია მეორე მოსდევს, ამ ხალხს ყრიან აქეთ-იქით და მანქანის წინ დგებიან. ამაზე გამოვხატე პროტესტი - "რას აკეთებთ? ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული მანიფესტირების უფლება და ვინ გვიზღუდავს ამ უფლებას მეთქი? თბილისის პოლიციის რომელიღაცა განყოფილების რომელიღაცა პოლიციელი გვიზღუდავს"?

შემოდიან ესენი, მივდივარ მე და ვეუბნები ქალბატონს პოლიციელს - გადაიწიეთ-მეთქი, ამ დროს მხვდება სახეში მუშტი, მივდივარ, მე ვფიქრობდი, რომ ხელი მომეკიდა. ამისი იდენტიფიცირება მინდოდა. ის იგინება ძალიან უხეშად და უღირსად, მუნდირის მატარებელმა კაცმა ეგ როგორ უნდა იკადრო? მაყენებს შეურაცხყოფას და იგინება, ცდილობს დარტყმას, ამ დროს ჩემი მიზანი არის, მინდოდა დამერტყა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს არის პროვოკაცია და მოვიშორო... ვნახე ვიდეო, ქარელელმა ბიჭმა მაჩვენა შენი ვიდეო დაიდოო და ვნახე ეგ მომენტი ხელს ვკრავ, თუ გინდათ სროლად ჩათვალეთ, მე ვკრავ ხელს, რომ მოვიშორო, ვიცი, რომ ეს არის პროვოკაცია...ეს პოლიციელები, გარკვეული ჭორების დონეზე მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, მათი ხელმძღვანელი უშუალოდ მე რომ გეუბნებოდით, მათი მოქმედებების მიღმა 50 პოლიციელი იდგა და მაგ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა "იმედის" ტელევიზია...

თავიდანვე ჰქონდათ კამერები ჩართული, ერთი მანქანის მარცხენა და მეორე მარჯვენა მხრიდან, იმ ადგილისკენ მომართული, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ჩემს ხელს უმიზნებს კამერა, რომ დააფიქსიროს და აიღოს კადრი რისთვისაც იქაა.

რაც წამოსცდა გაბუნიას, მანამ მანახა ვაშაძესთან ერთად, აქედან ვფიქრობ, რომ ის წინასწარ ჩემი სიძულვილით იყო გამსჭვალული. მას ჰქონდა მითითება, რომ მხარს ვუჭერდი "ნაციონალურ მოძრაობას" და გავხდი მისი ზიზღის ობიექტი. გამოვდივარ, რუსთაველს ვტოვებ, მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, რაც ხდება და "ვეფხი და მოყმესთან" სანამ მოვედი, ჩემი მეგობარი საუბრობს ტელეფონზე, ჩვენ ვიყავით მთელ სისტემაში აყვანილი ... ამ დროს უკვე ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიწყებ მანქანიდან ყურებას.

მე ვარ ციხეში უსამართლოდ, იცით როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა: "სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო", - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 28 ივლისს გამოცხადდება. ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების  4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.