ირანის მიერ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ისრაელში უკრაინის საელჩოს წინასწარი ინფორმაციით, 14 ივნისს, ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის და ბათ-იამში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად, უკრაინის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

ამჟამად მსხვერპლთა ვინაობა დგინდება და უკრაინელი დიპლომატები და კონსულები მჭიდრო კონტაქტში არიან ისრაელის პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან, რათა დაადგინონ და ორგანიზება გაუწიონ დაღუპულთა ცხედრების რეპატრიაციის პროცედურას.

ამავდროულად ისრაელის გამოცემა Ynet წერს, რომ ბათ-იამში ირანული რაკეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა დაახლოებით 10 წლის ბიჭი, 8 წლის გოგონა, 50, 60 და 80 წლის სამი ქალი და დაახლოებით 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.

13 ივნისის ღამეს ისრაელმა ირანში არსებულ სამიზნეებზე, კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან და სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, ძლიერი დარტყმების სერია განახორციელა.

როგორც აღინიშნა, თავდასხმის მიზანი ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა იყო.

საპასუხოდ, უკვე 13 ივნისის საღამოს, ირანმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა.

ორივე მხრიდან დაბომბვა უკვე მესამე დღეა, გრძელდება. კერძოდ, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ირანის სამხედრო და ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ 170-ზე მეტ სამიზნეს თავს დაესხნენ, ოპერაციის დროს კი 720 სამიზნეზე სულ დაახლოებით 250 დარტყმა განხორციელდა.

ამასთან დაკავშირებით, ირანმა "პასუხი“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების ტალღების გაშვებით დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 385 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს.